https://prschool.files.wordpress.com/2011/05/800px-macronaria_scrubbed_enh.jpgამ დინოზავრებს “კეთილი” იმიტომ ვუწოდე, რომ ხორცით კი არა, მცენარეულობით იკვებებიან. თავიანთი ცხოვრებისა და კვების წესიდან გამომდინარე, თეროპოდებისაგნ განსხვავებით, ბალახისმჭამელები უფრო ზანტები არიან. სამაგიეროდ, მათი ზოგიერთი წარმომადგენელი ზომით დინოზავრთა შორის უდიდესია.
 ზავროპოდები
ეს ჯიში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავრცელებულია ადამიანის აღქმაში და, დინოზავრის დახატვისას, ბევრი სწორედ მას ხატავს (მეორე ადგილზე ტირანოზავრია). ზავროპოდები ყველაზე დიდი დინოზავრები და, ლურჯი ვეშაპის შემდეგ, ყველაზე დიდი ცხოველები იყვნენ. მათი სიგრძე თავიდან კუდამდე 23-27 მეტრს შეადგენდა, წონა კი 25 ტონას. ზავროპოდების ჯიშს მიეკუთვნებიან ბრონტოზავრები, ბროქიოზავრები და ა.შ.
ბრონტოზავრის ჩონჩხის მიხედვით კარგად ჩანს, რომ მისი სასიცოცხლო სისტემა სულ სხვაგვარადაა მოწყობილი: იგი ოთხივე ფეხს ეყრდნობა, რომელიც არა კლანჭებით, არამედ სპილოს ფეხების მსგავსად ბოლოვდება. ფეხის კუნთებიც, შედარებით, ნაკლებად განვითარებული აქვს და ვეება სხეულის დაბალი სიჩქარით გადაადგილებისთვისაა განკუთვნილი. სამაგიეროდ, ზავროპოდებს კისრის და კუდის ძლიერი კუნთები ჰქონდათ. მხოლოდ ასე თუ შეძლებდნენ, დაეჭირათ გრძელი კისერი, რომლის მეშვეობითაც ყველაზე მაღალი ხის ფოთლებსაც უპრობლემოდ წვდებოდნენ და მასიური კუდი, რომლითაც წონასწორობას იცავდნენ.
ცხოველთა სამყაროში სიდიდე რომ გადამწყვეტი ფაქტორია, ამას ზავროპოდებიც ამტკიცებენ. იმ დროს, როცა ზავროპოდები და ტირანოზავრები, ყველაზე დიდი მტაცებლები, ერთად ცხოვრობდნენ, მათი გზები იშვიათად იკვეთებოდა, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა. ასეთ დროსაც კი მტაცებლები, რომელთა კბილებსა და კლანჭებს თავისუფლად შეეძლოთ ზავროპოდთა ხორცის დაფლეთა, უფრთხოდნენ მათ. ისევე, როგორც ლომები უფრთხიან სპილოებს. პრინციპი ზუსტად იგივეა: ვერც ერთი მტაცებელი ვერ იქნება დაზღვეული ზავროპოდთა უზარმაზარი კუდისაგან, რომლის ერთი მოქნევაც საკმარისია, უცბად გაარკვიოს, ვინ რისი მაქნისია. გარდა ამისა, ნებისმიერი ზრდასრული ზავროპოდი ნებისმიერ დინოზავრზე 3-ჯერ დიდია, ხოლო მისი წაქცევა – თითქმის შეუძლებელი.
სტეგოზავრები
მათი სახელი ითარგმნება, როგორც “გადახურული ხვლიკი” და მართალიცაა: თუკი ბუნებამ დიდი სხეული არ გიბოძა, მტაცებელთაგან თავი რაღაცით ხომ უნდა დაიცვა. სტეგოზავრთა ვეებერთელა ძვლოვანი წარმონაქმნებით დაფარული სხეულიც ამის ნათელი მაგალითია.
4,5 ტონის სხეულს, ძვლოვანი ფილების გარდა, ესაჭიროება ისეთი დაცვაც, რომელიც არა მხოლოდ მოიგერიებს თავდამსხმელს, არამედ საპასუხო დარტყმასაც მიაყენებს. ამისათვის სტეგოზავრს მძლავი, რქის წვეტებით დაბოლოებული კუდი ჰქონდა. მათი კიდურები, ზავროპოდების მსგავსად, სუსტად იყო განვითარებული და მხოლოდ სიარულისათვის გამოიყენებოდა. ისინი 155 – 150 მლნ. წლის წინ ცხოვრობდნენ.
ედმონტონია
დინოზავრთა ეს სახეობა ნიანგისებურად მოძრაობდა, ვინაიდან ფეხები სხეულის არა ქვევით, არამედ გვერდით იყო განლაგებული. მათი სიგრძე დაახლოებით 6 მეტრს, სიმაღლე კი 2-ს აღწევდა.
ისევე, როგორც სტეგოზავრის, ედმონტონტონიას სხეულიც ძვლოვანი ფილებიტ იყო დაფარული და მათაც თავდაცვის ფუნქცია ჰქონდა. მხრებზე განლაგებული წვეტიანი ფილები, მეცნიერთა ვარაუდით, ტერიტორიის დასაცავად და ერთმანეთში საპაექროდაც გამოიყენებოდა. მტაცებელთაგან თავის დასაცავად ედმონტონიებს, გამაგრებული ზურგის გარდა, დაბალი ფეხები შველოდა, რომელთა წყალობითაც მათი დაუცველი მუცელი ახლოს იყო მიწასთან. ეს კი ართულებდა მათთვის სასიკვდილო დარტყმის მიყენებას.
პარასაუროლოფუსი
ეს ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და საინტერესო დინოზავრია, რომელსაც პალეონტოლოგები ოდესმე გადაყრიან. იგი იმ სახეობას მიეკუთვნება, რომელსაც უკანა ფეხებითაც შეუძლია სიარული და წინა კიდურების დახმარებითაც. გარდა ამ უნიკალურობისა, პარასაუროლოფუსების მთავარი ღირსშესანიშნაობა ცხვირის ძვალზე ამოზრდილი ჩახვეული რქაა, რომელიც მას “მომღერალ დინოზავრად” აქცევს.
პარასაუროლოფუსის რქა, თავდაპირველად, თავდაცვის იარაღი ეგონათ, იქამდე, სანამ მასში ცარიელ არხებს აღმოაჩენდნენ. ეს არხები ნესტოებიდან ამოსუნთქულ ჰაერს რეზონაციას უკეთებს და ძალიან დაბალი სიხშირის ბგერას გამოსცემს, რომლის აღქმა ადამიანის ყურისთვის შესაძლებელია, მაგრამ ძალიან დაბალია.
მეცნიერთა ვარაუდით, ასეთი ინსტრუმენტით  პარასაუროლოფუსები ერთმანეთთან შორ მანძილზე კონტაქტს ამყარებდნენ, ისევე, როგორც დელფინები – თავიანითი ულტრაბგერებით. როდესაც მისი ხმოვანი რქის მოდელში მეცნიერებმა ჰაერის ნაკადი გაუშვეს, რათა პარასაუროლოფუსის ბგერა მიეღოთ, შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა: ადამიანმა მილიონობით წლის წინათ შეწყვეტილი ხმა პირველად გაიგონა.