დედამიწა ჩვენი სამუდამო თავშესაფარი ვერ იქნება. დაახლოებით 2 მილიარდ წელიწადში გაფართოებადი მზე ამოაშრობს ოკეანეებს და ეს ლურჯი პლანეტა სამყაროში არსებულ სიცოცხლისთვის უვარგის მრავალ პლანეტათა რიცხვს შეუერთდება. თუმცა მანამდე შეიძლება ანდრომედას გალაქტიკასთან შეჯახებამ მოუღოს ბოლო აქაურობას. უფრო მეტიც, დედამიწას ელის მისი ორბიტული გზის სიახლოვეს მქროლავი 1000 კმ სიგანის ასტეროიდების მესამედის ჩამოცვენა – ეს მოვლენა ყოველ 300 000 წელიწადში ერთხელ ხდება.
1989 წელს გაცილებით პატარა ასტეორიდმა, რომლის ჩამოვარდნაც 1000 ატომური ბომბის აფეთქების ექვივალენტი იქნებოდა, დედამიწის ორბიტა გადაკვეთა იმ წერტილში, სადაც ჩვენი პლანეტა 6 საათით ადრე იმყოფებოდა. „Lifeboat Foundation”-ის ასობით მკვლევარი იძიებს კაცობრიობის არსებობასთან დაკავშირებულ რისკებს და მათი დაანგარიშებით, კატასტროფული მოვლენის მოხდენის ალბათობა 300 000-დან 1-ია. „თუკი ჩახმახის წვალებას დიდხანს გავაგრძელებთ, საბოლოოდ ამას ჩვენი განადგურება მოჰყვება და არც იმის ალბათობა არსებობს, რომ მეორე შანსი მოგვეცემა.”
იმ ხიფათების უმეტესობა, რომლებიც პლანეტის დატოვებას გვაფიქრებინებს, რეალურად ადამიანის ხელითაა გამოწვეული და შესაძლოა, სულაც არ იყოს შორეული მომავლის საქმე. ენერგიის რაოდენობა, რომელსაც ყოველწლიურად მოვიხმართ, იმ ზღვარზე გაცილებით მეტია, რომლის გადაჭარბებაც პლანეტას საფრთხეში აგდებს. ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის ანგარიშით, 2030 წლისთვის ჩვენ მიერ წლიურად მოხმარებული ბუნებრივი რესურსები ორი პლანეტის ექვივალენტური იქნება. კატასტროფების ეპიდემიოლოგიის კვლევის ცენტრის მიხედვით, გვალვების, მიწისძვრების, თავსხმა წვიმებისა და დატბორვების შემთხვევები გასულ დეკადაში სამჯერ მეტი იყო, ვიდრე 1980-იანებში და 54-ჯერ მეტი, ვიდრე 1900-იანებში, როცა მსგავსი აღრიცხვები დაიწყეს. ზოგიერთი სცენარის მიხედვით, კლიმატის ცვლილება გამოიწვევს წყლის ნაკლებობას, სანაპირო ზოლების შემცირებასა და მასიურ შიმშილობას. საბოლოოდ კი მსოფლიოს ბოლოს მოუღებს სასიკვდილო ვირუსი, ბირთვული ომი ან, როგორც „Lifeboat Foundation”-ი გვაფრთხილებს, მუდმივად განვითარებადი მძლავრი ტექნოლოგიის დაუდევარი გამოყენება. გამომდინარე იმ ზიანიდან, რასაც პლანეტას ვაყენებთ, დედამიწის დატოვება შეიძლება იმიტომაც გახდეს საჭირო, რომ ის უბრალოდ გადარჩეს, საბოლოოდ კი ერთგვარი კურორტი გახდება, რომელსაც ადამიანები დროგამოშვებით ეწვევიან, როგორიცაა მაგალითად იოსემიტი.
ამჟამად არსებული საფრთხეების ნაწილი ცუდ შედეგს მალევე გამოიღებს. კლიმატის ცვლილება უკვე დიდ გავლენას ახდენს ადამიანთა საქმიანობაზე, ჩვენმა პლანეტამ კი ერთხელ უკვე გადაიტანა ცოცხალი ორგანიზმების მასიური გადაშენება, როცა მას უზარმაზარი ასტეორიდი დაეჯახა. „დინოზავრები იმიტომ გადაშენდნენ, რომ არ ჰქონდათ საკმარისი ჭკუა, შეექმნათ ადეკვატური ცივილიზაციები, რისი მეშვეობითაც კოსმოსს მიაშურებდნენ”, აცხადებს ტიჰამერ ტოტ-ფეჯელი, ზოგადი დინამიკის მოწინავე საინფორმაციო სისტემების კვლევის ინჟინერი. „ასე რომ ამ საკითხში ჩვენსა და მათ შორის სხვაობა უმნიშვნელოა.” ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ქიმიკოსის, რობერტ შაპიროს თქმით, ნებისმიერი სახის კატაკლიზმური მოვლენის გარდაუვალობა იმას ნიშნავს, რომ უნდა მოვამზადოთ ჩვენი ცივილიზაციის ასლი და გავუშვათ კოსმოსში, რათა ამ გზით საფრთხეს გავარიდოთ. მსგავს რამეზე საუბრობდა 2005 წელს „ნასას” იმჟამინდელი ხელმძღვანელი მაიკლ გრიფინი: „თუკი გვინდა, რომ ასობით და ათასობით მილიონ წელს ვიარსებოთ, დაუყოვნებლივ უნდა შევუდგეთ სხვა პლანეტების ათვისებას. ერთ დღესაც, არ ვიცი როდის, მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება, დედამიწის გარეთ უფრო მეტი ადამიანი იქნება, ვიდრე თავად დედამიწაზე.”
სად?
არჩევანი დიდია. „ნაციონალური კოსმოსური საზოგადოება”, რომლის 12 000 წევრიც კოსმოსში კოლონიზაციების შექმნის საკითხზე მუშაობს, გვთავაზობს ვარიანტს, რომ ჯერ იმ პლანეტას მივაშურებთ, რომელსაც სიცოცხლისთვის აუცილებელი პირობები ექნება. 2000 წელს 200 მილიონ დოლარიანი პროგრამის დასრულების შემდეგ „ნასამ” განაცხადა, რომ კოლონია შეიძლება მთვარის ზედაპირიდან რამდენიმე მეტრის სიღრმეზეც შეიქმნას ან მოთავსდეს რომელიმე კრატერში და ზემოდან გადაიხუროს, რათა ამ გზით დაცული იყოს მაღალი სიხშირის კოსმოსური რადიაციული დაბომბვისგან, რაც ჩვენი დნმ-ის დაზიანებასა და სიმსივნეების წარმოშობას გამოიწვევს. „ნასას” კვლევა მოიცავს იმ იდეასაც, რომ ადამიანები ააგებენ ატომურ ელექტროსადგურს, მზის ენერგიის პანელებს და გამოიყენებენ სხვადასხვა გზებს მთვარის ზედაპირისა და სიღრმეებიდან ნახშირბადის, სილიკონის, ალუმინისა და სხვა სასარგებლო ნივთიერებების მოსაპოვებლად. „ნაციონალური კოსმოსური საზოგადოება” 2008 წლის ანგარიშში აცხადებს, რომ მთვარე ყველაზე ლოგიკური ვერსიაა გადასაბარგებლად, რადგან იქ არის ყინული და სიცოცხლის არსებობისთვის საჭირო პირობები, შესაბამისად შეგვიძლია ავაგოთ მუდმივი ბაზები, სასტუმროები და კაზინოებიც კი.
კოსმოსში დასახლების მომხრე სხვა ორგანიზაციები გვთავაზობენ, საერთოდ გამოვტოვოთ მთვარის ვერსია. მიუხედავად იმისა, რომ ის ახლოსაა და ადამიანები იქ უკვე ყოფილან, იუპიტერის, სატურნის, ურანისა და ნეპტუნის თანამგზავრები უფრო დიდი რაოდენობით შეიცავენ წყალს, ნახშირბადს ან აზოტს. მაგრამ მზის სისტემაში დედამიწას ყველაზე მეტად მარსი ჰგავს. „მარსის მთვარესთან შედარება იგივე ჩრდილოეთ ამერიკისა და გრენლანდიის შედარებაა”, ამბობს რობერტ ზუბრინი, „მარსის საზოგადოების” ხელმძღვანელი. მთვარისგან განსხვავებით, მარსს ცოტაოდენი ატმოსფეროც აქვს, რაც კოსმოსური გამოსხივებისგან დაგვიცავს, ასევე გააჩნია დედამიწის გრავიტაციის 40%.
2002 წელს „ნასას” მარსის ოდისეის კოსმოსურმა ხომალდმა კონტინენტის ზომის ყინულის რეგიონები აღმოაჩინა წითელ პლანეტაზე, 2008 წელს კი რობოტმა ხომალდმა „ფენიქსმა” ყინულის არსებობა კიდევ ერთხელ დაადასტურა. მიწაში საკმარისი ნახშირბადია იმისთვის, რომ მცენარეები აღმოცენდეს, ხოლო დღის ტემპერატურა ზოგჯერ +21 გრადუსს აღწევს ცელსიუსით. დროთა განმავლობაში შესაძლებელია მოხდეს პლანეტის ფორმირება – მიწისქვეშა ყინულის ან ყინულოვანი ასტეროიდის დაცემის შედეგად გაჩნდეს პატარა ოკეანე, მოგვიანებით შეიქმნას ისეთი ატმოსფერო, რომელიც სუნთქვას შესაძლებელს გახდის და კოსმოსური რადიაციისთვის უკეთესი ფარი იქნება.
ყველა ეს ვერსია შეგვიძლია მოვაქციოთ კატეგორიაში, რომელსაც აიზეკ აზიმოვი „პლანეტარულ შოვინიზმს” უწოდებდა. მაგრამ შესაძლოა, ჩვენ არა პლანეტაზე ან თანამგზავრზე, არამედ ღია კოსმოსში დავსახლდეთ. ფინანსურად, და შეიძლება ტექნოლოგიურადაც, შეუძლებელია დედამიწიდან იმდენი რესურსის ამოღება, რომ ამხელა სტრუქტურა შეიქმნას. თუმცა ამ მასალის მიღება შეგვიძლია დედამიწასთან ახლოს მყოფი ასტეროიდებისგან. 1974 წელს პრინსტონის უნივერსიტეტის ფიზიკოსმა ჟერარდ ო’ნილმა წარმოადგინა მასიური ორბიტული თავშესაფრის დიზაინი, რომელიც შედგებოდა ღერძის გარშემო 1 ბრ/წთ სიჩქარით მბრუნავი უზარმაზარი ცილინდრებისგან, რაც საკმარისი იყო ხელოვნური გრავიტაციის შესაქმნელად. მიზიდულობის ძალისგან თავისუფალ კოსმოსში შესაძლებელია იმხელა სტრუქტურების შექმნა, რომ ათასობით ან მილიონობით ადამიანი დაიტიოს. ო’ნილის ვერსია 30 კმ სიგრძის ტყუპ ცილინდრებს წარმოადგენდა, თავად სტრუქტურის შიდა ზედაპირის ფართობი კი 1300 კვ. კმ იქნებოდა.
ღია კოსმოსში მყოფი სტრუქტურის უპირატესობა ისიცაა, რომ მნიშვნელობა არ ექნება, დედამიწასთან ახლოს ვიქნებით თუ ასობით წლების განმავლობაში რომელიმე სხვა პლანეტის მიმართულებით ვიფრენთ. ნაგებობა უბრალოდ მოიხმარს იმ რესურსებს, რომლებსაც გზაში შემხვედრი ასტეროიდებისა და კომეტებისგან მიიღებს.
როგორ?
პირველი საკითხი უბრალოდ დედამიწის მიზიდულობის დაძლევაა. „თუკი ხომალდს ორბიტაზე გაიყვან, ნახევარი საქმე უკვე გაკეთებულია”, ამბობდა სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის მწერალი რობერტ ჰაინლაინი. კოსმოსური შატლის თითოეული გაშვება 450 მილიონი დოლარი ღირს, ხოლო უპილოტო ხომალდის გაშვება, რომელიც ტვირთს გადაიტანს, 1 ფუნტზე (453 გრამი) 12 000 დოლარი დაჯდება. ამ თანხის ძირითადი ნაწილი კი მოდის იმ საწვავზე, რომელიც პირველი 150 კმ-ის დასაფარადაა საჭირო.
ამ დაბრკოლების გადასალახად ინჟინრებს მრავალი ურაკეტო სისტემის მოდელი აქვთ შექმნილი. ცივი ომის პერიოდში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტი იკვლევდა, რამდენად შესაძლებელი იყო გიგანტური ზარბაზნის გამოყენება, რათა ტვირთი ორბიტაზე გაეტანათ. ფიზიკოსი დერეკ ტიდმანი კი მასიური ცენტრიფუგის იდეას აყენებდა, რომელსაც „სლინგატრონს” უწოდებდა. მისი მეშვეობით ობიექტები მანამ იბრუნებდნენ, ვიდრე გრავიტაციისგან თავის დასაღწევად საკმარის სიჩქარეს არ განავითარებდნენ. ხოლო ბევრი ინჟინერი 100 000 კმ სიგრძის კაბელზე მოძრავი კოსმოსური ლიფტის მაცდური იდეით იყო მოხიბლული. 2000 წელს „ნასამ” კომპანია „Carbon Designs”-ის დამაარსებელი ბრედ ედვარდსი 570 000 დოლარით დააფინანსა, რათა ამ იდეის რეალურობა დაედგინა. ედვარდსის მოსაზრებით, კოსმოსური ლიფტის აგებას მაქსიმუმ 14 მილიარდი დოლარი დასჭირდება მას შემდეგ, რაც ნანოტექნოლოგიის განვითარებით კაბელისთვის საჭირო ძალიან თხელი და იმავდროულად ძალიან ძლიერი მასალის დამზადება იქნება შესაძლებელი.
2010 წლის ნოემბერში „ნასას” ყოფილმა ასტრონომმა ფრანკლინ ჩენგ დიასმა განაცხადა, რომ შესაძლებელია იონური ძრავის მქონე რაკეტის შექმნა, რომელიც მარსამდე დაახლოებით 6 თვეში მიაღწევს. იაპონურმა ზონდმა, რომელსაც 0.0075 მმ სისქის ნაწილებისგან შემდგარი 14 მეტრიანი მზის პანელი ჰქონდა და მზის ფოტონების წნევით მოძრაობდა, ვენერასკენ გეზი 2010 წლის დეკემბერში აიღო და მომდევნო 4 წლის განმავლობაში მიუახლოვდება მას. მომავალში შესაძლებელია, საწვავად გამოყენებულ იქნას ჰელიუმ-3, რომელიც მთვარესა და სხვა ციურ სხეულებზე საკმაოდაა. „ნასა” ასევე იკვლევს, შესაძლებელია თუ არა კოსმოსურმა ხომალდმა სასარგებლო ნივთიერებები მოიპოვოს იმ 40 ასტეროიდიდან, რომლებიც პერიოდულად დედამიწასა და მარსს ჩაუვლიან ხოლმე.
„ნასას” ფიზიკოსი მარკ მილისი ოპტიმისტურად უდგება საკითხს და ამბობს, რომ ჩვენ მომავალში ავითვისებთ უფრო განვითარებულ მეთოდებსაც, როგორიცაა ჭიის ხვრელის მეშვეობით ტელეპორტაცია და სინათლეზე სწრაფად მოძრაობა. ხოლო ლაზერული ტექნოლოგიის განვითარება საშუალებას მოგვცემს, თუნდაც დროებით, შევქმნათ ენერგიის გარკვეული დონე, რითაც დავაკვირდებით სივრცის გამრუდების ეფექტებს და სხვადასხვა იდეების თეორიულ შესაძლებლობებს განვიხილავთ.
„ნაციონალური კოსმოსური საზოგადოების” კომიტეტის თავმჯდომარე მარკ ჰოპკინსი აყენებს ვარაუდს, რომ ერთ დღესაც თვითგამრავლებადი ნანორობოტები გაიგზავნებიან ასტეროიდზე და მოპოვებითი სამუშაოების ჩატარებას დაიწყებენ. შეიძლება მთვარეზე ან რომელიმე პლანეტაზე დაეშვან, სადაც გამრავლდებიან და შემდეგ ღია სივრცეს მოედებიან, რათა შექმნან ადამიანთათვის საჭირო სამრეწველო ცივილიზაცია. შეიძლება ადამიანის დნმ-იც წაიღონ და საჭირო დროს მათგან ხალხი შექმნან. ჰოპკინსის თქმით, ჩვენი ევოლუციური პროცესები სულაც არ დასრულებულა, შეიძლება ოდესღაც საკუთარი თავები მგრძნობიარე რობოტებად ვაქციოთ და აღარ დაგვჭირდება კოსმოსური რადიაციისგან დაცვა, შესაბამისად დასახლებისთვის ვარგისი ტერიტორიების არეალიც უფრო გაფართოვდეს. ჰოპკინსის წარმოსახვაში არსებული ვარიანტი, რომელიც ადამიანებს სქესისა და ფიზიკური ორგანიზმის არმქონე არსებებად სახავს, არც ისე რომანტიკულია. „შეიძლება ასეცაა, მაგრამ რომანტიკაზე არაფერი გიკითხავთ”, ამბობს ის.
დაახლოებით 20 წელიწადში მარსზე მუდმივი ბაზა მზად იქნება. ამის განხორციელებას უზარმაზარი ფინანსები სჭირდება, მაგრამ „ნასა” უკან არ იხევს, რადგან ამით ჩვენი მოდგმის გადარჩენის შანსი იზრდება. აღსანიშნავია, რომ არც ისე ცოტა ადამიანი გამოთქვამს მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში სამუდამოდ დატოვოს დედამიწა.
როდის?
რიკ ტუმლინსონი, „Space Frontier Foundation”-ის ერთ-ერთი დამაარსებელი, მხარს უჭერს იმ მოსაზრებას, რომ კოსმოსში გაჭრა მხოლოდ სათანადო მოტივის არსებობის შემთხვევაში მოხდება. ამ მოტივებად ის ასახელებს კოსმოსურ ტურიზმს, ატმოსფეროსგარე ადგილებში განხორციელებულ სამთამადნო საქმესა და ღია კოსმოსში მზის ენერგიის მოპოვებას, რათა შემდეგ დედამიწაზე გადმოიგზავნოს. „მუდმივი ადამიანური დასახლებები მაშინ გაჩნდება, როცა ამას ფინანსური დაინტერესებაც ექნება”, ამბობს ის.
თუმცა დედამიწის გარეთ სიცოცხლის გაგრძელების ვარიანტებს „ნასა” ფინანსური კუთხის გარეშეც იკვლევს. 2010 წლის გაზაფხულზე აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გამოაცხადა დედამიწის ახლოს მდებარე ასტეროიდზე 2025 წელს, მარსზე კი 2030-იან წლებში სამთამადნო საქმიანობის განხორციელების შესახებ. იმავე წლის ოქტომბერში კი „Darpa” პრეს-გამოცემაში საუბრობდა პროგრამის შესახებ, რომლის მიზანიც „100 წლიანი ვარსკვლავთშორისი ხომალდის” შექმნის ალბათობის განხილვაა. მათი თქმით, „ეს იქნება პირველი ნაბიჯი კოსმოსის კვლევის შემდეგ ეტაპში – მოგზაურობა ვარსკვლავებს შორის”.
აღსანიშნავია ისიც, რომ ჯერ კიდევ ძალიან ცოტა ვიცით, თუ როგორი გავლენა ექნება კოსმოსურ გამოსხივებასა და ნულოვან გრავიტაციას ადამიანის სხეულსა და გონებაზე, რადიაციისგან დამცავი კარგი სპეცტანისამოსი კი დღემდე არ შექმნილა. „რაც ხელმისაწვდომია, უსაფრთხო არაა. რაც უსაფრთხოა, ხელმისაწვდომი არაა”, ამბობს დენის ბუშნელი, ლონგლის სახელობის „ნასას” კვლევის ცენტრის მთავარი მეცნიერი.
ბუშნელი მართალია, ყოველ შემთხვევაში, ამ მომენტში მაინც, მაგრამ კვლევა-ძიება ხშირად რისკს მოითხოვს. გრეგორი ბენფორდი, კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი ფიზიკის დარგში, პარალელს ავლებს ნორვეგიელ ვიკინგთან, რომელიც ამერიკის კონტინენტს კოლუმბამდე 5 საუკუნით ადრე ეწვია. „ჩვენ, ამერიკელებს, ხშირად გვგონია, რომ კოსმოსის კოლუმბები ვართ და დიდ აღმოჩენებს ვაკეთებთ, მაგრამ ვშიშობ, რეალურად ლაიფ ერიქსონები ვართ. მივდივართ, ვატარებთ ცდებს და მათი დიდი ნაწილი დავიწყებას ეძლევა.”
მკვლევარები, ინჟინრები და ასტრონომები, რომლებიც კოსმოსში დასახლებას გარდაუვლად და ადამიანური პროგრესის შემადგენელ პროცესად თვლიან, გვთავაზობენ, საკითხს სხვანაირად შევხედოთ. ჩვენ მშრალ მიწაზე განვვითარდით, აფრიკის სავანებში პრიმატებად ჩამოვყალიბდით, შემდეგ კი მთელ პლანეტას მოვედეთ. რატომ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ოდესმე სატურნის თანამგზავრ ტიტანზე კოლონიებს შევქმნით ან კოსმოსში ვიმოგზაურებთ ხომალდებით? იმის მიუხედავად, ამის მიღწევას რამდენი დრო დასჭირდება, უამრავი სარგებელი ექნება დედამიწაზე მცხოვრები ადამიანებისთვის.
დედამიწის მიღმა დასახლებების შექმნის მეშვეობით შესაძლებელი იქნება საკვების ზომიერი განაწილება და შიმშილის დაძლევა, მოხდება ტრანსპორტირების რევოლუცია, კოსმოსში მზის ენერგიის ათვისება კი მკვეთრად შეამცირებს ჩვენს დამოკიდებულებას სასარგებლო წიაღისეულზე.
Read more: http://www.file.ge/?p=24258#ixzz3scL1vR2B
No comments:
Post a Comment